
ჟენევის მოლაპრაკებების 52-ე რაუნდი დასრულებულია. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ქართულმა მხარემ დღის წესრიგში, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება დააყენა.
"აღინიშნა, რომ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დანაშაულის წახალისებას. საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი", - წერია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებში 2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში.
მთავარი თემა იყო, ასევე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტები. საქართველოს დელეგაციამ მოითხოვა სოხუმსა და ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 29-30 ივნისს გაიმართება.