
უკანონო სქემა, რომლითაც "ქართული ოცნების" დეპუტატი მილიონებს შოულობს - ანტონ ობოლაშვილის საკუთრებაში არსებული კომპანია "გლობალ ფარმი", რომელსაც მედიკამენტები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვს და იმპორტირებულ მედიკამენტების პაციენტებამდე რამდენიმე შვილობილი კომპანიით ანაწილებს, უკანონო სქემით მდიდრდება. "შაბათის მთავარმა" მილიონერი დეპუტატის გამდიდრების უკანონო სქემა გაშიფრა.
სამედიცინო წარმომადგენლები "როტაფარმისა" და "ვორდ მედიცინის" სახელით ექიმებთან მიდიან და გარიგებას სთავაზობენ - დაეხმარონ "გლობალ ფარმის" შემოტანილი მედიკამენტების გაყიდვაში. სქემა ასეთია: თუ ექიმი პაციენტს სწორედ "გლობალფარმის" მედიკამენტს დაუნიშნავს, სანაცვლოდ სოლიდურ ბონუსს მიიღებს. ექიმები კი, რომლებიც განსაკუთრებულად იაქტიურებენ, ფულთან ერთად "გლობალ ფარმისგან" სხვადასხვა ძვირადღირებულ საჩუქრებს იღებენ.
სქემა, რომლითაც ანტონ ობოლაშვილის კომპანიები მოქმედებენ, უკანონოა. არადა, ანტონ ობოლაშვილის კომპანიები ათ წელზე მეტია, ამ საქმიანობით არიან დაკავებული. დეპუტატ ობოლაშვილის ბიზნესიმპერიაში ყველაზე დიდ ფულს სწორედ ფარმაცევტული კომპანიები წერენ. მხოლოდ ამ სფეროდან, "ოცნების" მილიონერმა დეპუტატმა გასულ წელს 15 მილიონი ლარის სუფთა მოგება ნახა.