
თელავის რაიონულმა სასამართლომ ჩუმლაყში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს, ჯუანშერ და ალექსანდრე ტურიაშვილებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სახელმწიფო ბრალდება
ალექსანდრე ტურიაშვილს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხოლო ჯუანშერ ტურიაშვილს მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.
ადვოკატმა ალექსანდრე ტურიაშვილისთვის 5000 ლარიანი, ჯუანშერ ტურიაშვილისათვის კი 10 000 ლარიანი გირაოსა და ელექტრონული სამაჯურის გამოყენებას მოითხოვა. რასაც არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებისგან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე.
დაკავებული ალექსანდრე ტურიაშვილი არ იზიარებს ბრალდების არცერთ ნაწილს. ჯუანშერ ტურიაშვილი კი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ მიიჩნევს.
მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში 25 მარტს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ავტომობილში ჩაცხრილეს 1 ადამიანი, 3 კი დაჭრეს. ერთ ერთი ვერსიით, მომხდარი კრიმინალური წარსულის მქონე მალხაზ ბადუაშვილს უკავშირდება.
წინასასამართლო სხდომა 18 მაისს ჩაინიშნა.
ავტორი: ია გულიაშვილი