
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. თუმცა, რა საკითხები განიხილეს მხარეებმა, ეს უცნობია.
ცნობილია, რომ დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან საერთო შეხვედრას 16:00 საათზე გამართავს. სწორედ ამ შეხვედრაზე წარუდგენს დანიელსონი მხარეებს საბოლოო დოკუმენტს და გაირკვევა, შედგება თუ არა შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. მისი საქართველოში გამოგზავნის
გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები.