
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხეში თავისი ნებით ზის. მისი თქმით, მელიას დაკავებაზე გადაწყვეტილება "ოცნების" ოფისში მიიღეს და ახლა პარტიაში იმსჯელებენ, გაათავისუფლებენ თუ არა ნიკა მელიას.
"ქართული ოცნება" სპეკულირებს ამ გირაოს თემით დღეს, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს არც გირაოს გადახდის, არც გირაოს გადახდის შემდეგ, ნიკა მელიას გათავისუფლების. ეს ნარატივი აქვს აღებული, რომლითაც ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ თითქოს ნიკა მელია თავისი ნებით ზის ციხეში. ჩვენ კარგად ვნახეთ, როგორ მიიღეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების შესახებ. ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ ხელმძღვანელობა იყო შეკრებილი და მიიღეს ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება. სწორედ ასე, ახლა უნდა შეიკრიბოს "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა და მიიღონ გადაწყვეტილება, ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ, - თქვა უდუმაშვილმა.
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციამ "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრი" და მისმა თავმჯდომარე ბესიკ ბოგველმა ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს გადახდის სურვილი გამოთქვა.
ორგანიზაცია "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" თავმჯდომარის ბესიკ ბოგველის თქმით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი ლათინურიდან წიგნის თარგმნის დროს დაებადა.