პროტესტი არ უნდა იყოს საბაბი რუსეთისთვის, რომ უკანონო სანქციები დაგვიწესოს - ქადაგიშვილი

გამოქვეყნდა:

"ჩვენი პროტესტი იყოს მხოლოდ და მხოლოდ პროტესტი და არ იყოს საბაბი იმისთვის, რომ რუსეთმა თავისი უკანონო სანქციების საშუალებად აღიქვას", - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტსა და მის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას.

მისი თქმით, პოზნერს ჰქონდა საქართველოში შემოსვლის უფლება.

"ის, რომ რუსეთის, აშშ-ის თუ საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც იყო ჩამოსული საქართველოში და რომელსაც არ დაურღვევია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“, მას ფორმალურად ჰქონდა საქართველოში შემოსვლის უფლება. რაც შეეხება პროტესტს, ყველას აქვს პროტესტის გამოთქმის უფლება, კარგად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენი პროტესტი იყოს მხოლოდ და მხოლოდ პროტესტი და არ იყოს საბაბი იმისთვის, რომ რუსეთმა თავისი უკანონო სანქციების საშუალებად აღიქვას. ამასაც ანგარიში უნდა გავუწიოთ", - ამბობს ქადაგიშვილი.

მისივე თქმით, პოზნერი 2008 წლის მერე საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვიდა და "არც ხელისუფლებას და იმ სამოქალაქო აქტივისტს, ეს არ გაუპროტესტებია". როგორც ქადაგიშვილი ამბობს, "როცა რაღაცას ვაპროტესტებთ, გავაპროტესტოთ რაღაცა და ნუ გვინდა, რომ ეს პროტესტი გავხადოთ ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებად". 

შეგახსენებთ, რომ კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, დღეს 1 აპრილს დატოვეს. გადაწყვეტილება მათ სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილის პროტესტის გამო შეცვალეს.

პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი