სასტუმრო "ვინოტელის" მფლობელი, ბენო ქაშაკაშვილი, რომელმაც გუშინ რუს პროპაგანდისტს ვლადიმერ პოზნერს უმასპინძლა, "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველია. ის 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" სიის 53-ე ნომერი იყო. თუმცა მოგვიანებით საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა. მმართველი პარტიისთვის ჯამურად 170 000 ლარი აქვს შეწირული.
"ეს სასტუმრო ძალიან უყვართ მაღალი თანამდებობის პირებს, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრიც იყო. ესაა გამორიცხული, რომ თურმე ჩამოვიდა პოზნერი და დილით გაახსენდა ვინოტელში წასვლა. ეს წინასწარ იყო დაგეგმილი. ბენო ქაშაკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ფული და ფულის გამო ყველაფერს იკადრებს", - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი, ბესიკ დონაძე.
გარდა ამისა, "მთავარმა არხმა" ბენო ქაშაკაშვილის გუშინდელი მიმოწერა გადაიღო, სადაც ქაშაკაშვილი კონკრეტულ პირს წერდა, რომ ალყაშია და შველა სჭირდება. სავარაუდოდ, ეს მიმოწერა, ან სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლოის მისამართით უნდა ყოფილიყო ან მმართველი პარტიის ლიდერების.
შეგახსენებთ, რომ კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, დღეს 1 აპრილს დატოვეს. გადაწყვეტილება მათ სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილის პროტესტის გამო შეცვალეს.
პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს.