საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დადგენილი ზიანის ოდენობა 620 000 ევროს შეადგენს.

პროკურატურამ ჯ.ჰ.-ს, გ.ლ.-ს, ა.მ.-სა და გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, გ.გ.-ს, ვ.ნ.-ს, კ.კ.-ს, ქ.ი.-ს, გ.ბ.-ს, მ.თ.-სა და ა.გ.-ს კი სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ", მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებითა და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი