
აგერ არის სასამართლო, ყველას შესაძლებლობა გვექნება დავაკვირდეთ და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები - ნიკა მელიას სასამართლოზე, რომელიც 8 აპრილს ჩაინიშნა "ოცნებაში" კომენტარები კეთდება.
ალუდა ღუდუშაურის თქმით, მელიას სასამართლოზე შეეძლება დაამტკიცოს თავის უდანაშაულობა:
"სასამართლო ჩაინიშნა, ეს ნიშნავს, რომ ღია, საჯარო განხილვა იქნება და მიეცემათ მხარეებს შესაძლებლობა თავიანთი პოზიცია დაამტკიცონ. ბატონი მელია დღემდე ამტკიცებს, რომ არის უდანაშაულო, როგორც ჩემთვის ცნობილია, ამიტომ აგერ არის სასამართლო, ყველას შესაძლებლობა გვექნება დავაკვირდეთ და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები".
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", მანუჩარ ახალაიამ აღნიშნა, რომ "ოცნების" სასამართლოს შანსი აქვს მართლმსაჯულებას სახე შეუნარჩუნოს და ელოდებიან, რომ ნიკა მელიას გაათავისუფლებენ. მათივე შეფასებით, ეს მოლაპარაკებების გაგრძელებას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა. პროცესზე, სავარაუდოდ, დადგება აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.
მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო.
გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.