უკეთესი იქნება, ადგილობრივი არჩევნები ცალკე ჩატარდეს და განისაზღვროს სხვა გრაფიკი შესაძლო მომავალი ახალი არჩევნებისთვის - გალერი

გამოქვეყნდა:

კომპრომისზე ყველა პარტია უნდა წავიდეს, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს, რადგან ის არის ხელისუფლებაში და ის არის მთავრობა, - ამის შესახებ "მთავარ არხთან" ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი საუბრობს. 

ამბობს, რომ მოლაპარაკებებში პირველი ნაბიჯი სწორედ ხელისუფლებამ უნდა გადადგას, მისი პირველი სვლის შემდეგ კი უკვე ლოგიკურია, ოპოზიციის შემხვედრ პასუხს დაელოდოს.

ვიცით, რომ არის საკითხები, რომელიც შეიძლება მოგვარდეს: ეს არის საარჩევნო რეფორმა და სასამართლო სისტემა, რომელიც არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. სამწუხაროდ, საქართველო მარტო არ არის ამ საკითხში, უკრაიანშიც იგივე პრობლემებია. მთვარია, განხორციელდეს ისეთი რეფორმა, რომ თქვენი მართლმსაჯულება გახდეს დამოუკიდებელი და თავისუფალი, არ ემორჩილებოდეს, რომელიმე პოლიტიკური ლიდერის ბრძანებებს, - ამბობს გალერი. 

ევროპარლამენტარი საუბრობს პოლიტპატიმრების, გიორგი რურუასა და ნიკა მელიას შესახებაც. ამბობს, რომ ეს ორი განსხვავებული შემთხვევაა და თითოეული შემთხვევის გადაჭრის განსხვავებული გზა უნდა მოიძებნოს. რიგგარეშე არჩევნებზე კი გალერი ფიქრობს, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებისგან დამოუკიდებლად უნდა ჩატარდეს. 

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს და მის მიბმას ადგილობრივ არჩევნებზე, ვფიქრობ, უკეთესი იქნება, რომ ადგილობრივი არჩევნები ცალკე ჩატარდეს და განისაზღვროს სხვა გრაფიკი შესაძლო მომავალი ახალი არჩევნებისთვის. ახალ თარიღზე, რომელიც კომპრომისის მიხედვით იქნება მიღწეული, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, - ამბობს ევროპარლამენტარი. 

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოსთვის დაფინანსების შეჩერებას უკიდურეს შემთხვევაში განიხილავს, თუმცა, "თუკი ასე გაგრძელდა პროცესები, ბუნებრივია, ევროკავშირში დისკუსია დაიწყება".

დახმარებების შეჩერება ეს არის უკანასკნელი რამ, რისი გაკეთებაც გვინდა საქართველოს მეგობრებს, მაგრამ თუკი ასე გაგრძელდა პროცესები, ბუნებრივია, დისკუსია დაიწყება ევროკავშირში, ევროპელების იმ ნაწილში რომლებიც მთლად ასე მეგობრულად არ არიან განწყობილი საქართველოს მიმართ. ასეთი კითხვები ექნებათ ჩვენი ბიუჯეტის მაკონტროლებლებს, რატომ აგზავნით ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულს იქ, სადაც, დემოკრატიას პრობლემები აქვს. რადაგან ჩვენ ამ დახმარებას ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პირობების ასასრულებლად გამოვყოფთ, რადგან გვინდა, რომ საქართველო იქცეს ფუნქციონირებად დემოკრატიად და არ მოხდეს ისე, რომ ჩვენ ვეხმარებით და ვაფინანასებთ ქვეყანას ერთმანეთს ბლოკავენ, სადაც მთავრობა აიგნორებს ოპოზიციას და ოპოზიცია არ არის პარლამენტში. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ იმ საქართველოს, რომელიც ადგას ევროპის გზას, იმ გზას რომელსაც მხარს უჭერს თქვენი მოქალაქეების უმეტესობა, - ამბობს მაიკლ გალერი "მთავარ არხთან" საუბრისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი