"ქართული ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებაზე შეფასებას ვერ გააკეთებს.
"ჩვენ ვერ გავაკეთებთ კომენტარებს, მით უფრო, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები, იმაზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს არ იქნება სწორი, გამომდინარე იქიდან, რომ მართლმსაჯულება არის დამოუკიდებელი",- თქვა მაჭარაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია ეს დამოკიდებულია "ნაციონალურ მოძრაობაზე" ან სასამართლოზე. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა მოლაპარაკებების მაგიდაზე თქვა, რომ თუ მელია გირაოს გადაიხდიდა, ხელისუფლება პოლიტიკური ამნისტიის საკითხს განიხილავდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.
მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო.
გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.