
საპარლამენტო ბოიკოტი დროებით შეწყდება - "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მუშაობის განახლებას ითხოვს. ბოიკოტის შეწყვეტის მიზეზი კორონავირუსის ეპიდემია და ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმაა. ოპოზიცია პარლამენტის სასწრაფოდ შეკრებასა და მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე მსჯელობის აუცილებლობაზე საუბრობს.
მათი შეფასებით, ხელისუფლებამ თაღლითური სქემა წარადგინა და ის მხოლოდ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.
ვითხოვთ, პარლამენტმა განაახლოს მუშაობა შესაბამისი კომიტეტების ფორმატებში. ვაპირებთ გამოვიყენოთ ჩვენი უფლება, რაც შეეხება მთავრობის წარმომადგენლების დაბარებას. დღეს საზოგადოებას სჭირდება მოისმინოს და შედგეს პოლიტიკური დებატები და განხილვა, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.
საპარლამენტო ბოიკოტის დროებით შეწყვეტას აპირებს "ევროპული საქართველოც". როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, საგანგებო მდგომარეობისა და მსოფლიო პანდემიის პირობებში, აუცილებელია, ანტიკრიზისული გეგმის განხილვა საპარლამენტო ტრიბუნიდან მოხდეს.
ისევე, როგორც საგანგებო მდგომარეობის დროს დისკუსიასა და ხმის მიცემაზე ვიყავით, იმიტომ, რომ ეს არის სპეციფიური საკითხი, ასევე ლოგიკურია, რომ ბოიკოტის მიუხედავად, ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, იმ კატასტროფულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც ივანიშვილის გუნდმა გადადგა და არ გადადგა, ამას დავუთმოთ საპარლამენტო ტრიბუნა, - აცხადებს ბოკერია.
როგორც ოპოზიცია ამბობს, ახლა ჯერი მმართველ გუნდზეა, სწორედ მათ აქვთ უფლებამოსილება აღადგინონ საპარლამენტო მუშაობა.