
საქართველოში ოპოზიცია, შესაძლოა, კოვიდის მომდევნო მსხვერპლი გახდეს - ამ სათაურით ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელი საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში საუბარია, როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" კორონავირუსის პანდემიას დემოკრატიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ.
ავტორი ასევე წერს, რომ ქვეყანა პანდემიას კარგად უმკლავდება. თუმცა ქართული დემოკრატიისთვის რთული წელი იქნება, რადგან დემოკრატიული ოპოზიცია და პოლიტიკური პლურალიზმი მძიმე დარტყმის ქვეშაა.
სტატიაში საუბარია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მარტში მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობაზე, პოლიტპატიმრებზე, "ოცნებისგან" მონოპოლიზებულ საჯარო და პოლიტიკურ სივრცეზე.
ავტორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ ჩანს ნიშნები, რომ "ქართულმა ოცნებამ" მისი კონფრონტაციული რიტორიკა და სტატეგია შეცვალოს.
სტატიას უკვე გამოეხმაურნენ ქართველი პოლიტიკოსები. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, ნათელია, რომ მმართველი გუნდი პანდემიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. მისი თქმით, პოლიტიკური პროცესების სრული შეწყვეტა ქვეყანას მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს.
მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში გაცოცხლდეს და განახლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ დამღუპველ კონსპირაციას, - ამბობს სამადაშვილი.
"ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" დამფუძნებლის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ცალსახაა, რომ შეზღუდვები, რომელსაც მმართველი გუნდი ახანგრძლივებს, მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება. მისი თქმით, "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს.
ცდილობს, ზედამხედველის ფუნქცია დიდხანს შეინარჩუნოს. ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე შეინაჩუნოს ხელისუფლება და არ აღელვებს ქვეყანაში არსებული ვითარება, - ამბობს ვაშაძე.
"მოსახლეობის პანიკის გამოყენება ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად" - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა გირჩის პოლიტსაბჭოს წევრი ზურა ჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესს. მისი თქმით, ხელისუფლების მცდელობით სრულად შეწყვეტილია პოლიტიკური პროცესი, გაჩერებულია კონომიკა და რაც მთავარია, მოქალაქეებს ამ ყველაფრის გაპროტესტების უფლებაც არ აქვთ.