
სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრა ცოტა ხნის წინ რუსეთში, კრემლში შედგა. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინმა მადლობა გადაუხადა ფაშინანს, რომ მოსკოვში მიწვევა მიიღო, ვინაიდან, მისი თქმით, მხარეებს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების, მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო ვითარების ნორმალიზების შესახებ ბევრი რამ აქვთ განსახილველი.
არ ჩამოვთვლი ყველა საერთაშორისო პლატფორმას, რომლებზეც ვთანამშრომლობთ. მაგრამ ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სომხეთის ეკონომიკაში ყველა კაპიტალდაბანდების 40 პროცენტი რუსული წარმომავლობისაა... რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და სატრანსპორტო მარშრუტების აღდგენას, რათა სომხეთმა ქვეყნის განვითარების ახალი შესაძლებლობები მიიღოს, - ამბობს პუტინი.
ფაშინიანმა კი იმედი გამოთქვა, რომ მხარეები თანამშრომლობას მომავალშიც ნაყოფიერად განაგრძობენ. მან აღნიშნა პუტინის "პირადი წვლილი" რეგიონის სტაბილიზაციაში, "განსაკუთრებით ომის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და თქვენთან ერთად განცხადების ხელმოწერის შემდეგ".
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხდება... გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, მოვილაპარაკოთ ჩვენს თვალსაზრისებზე მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების თაობაზე, ვინაიდან, სამწუხაროდ, პრობლემა არ არის გადაჭრილი და ამ საკითხზეც უნდა ვისაუბროთ, ვნახოთ, რა მოსაზრებები გვაქვს მომავლის შესახებ, - ამბობს ფაშინიანი.