უკრაინაში მიმდინარე ვითარებაზე, საქართველოს ხელისუფლებამ განცხადებები მხოლოდ ერთი კვირის თავზე, დასავლეთის კრიტიკის შემდეგ გააკეთა. გუშინ, გვიან ღამით სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანსა და მის უკრაინელ კოლეგას შორის. დღეს კი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში შესაბამისი განცხადებაც გააკეთა.
მმართველი გუნდის ოპონენტები, "ქართულ ოცნებას" ერთკვირიან "სიჩუმეს" უარყოფითად აფასებენ, ასევე ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების საქციელი სამარცხვინოა.
"ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები უკრაინის ინტერესების დაცვით, იმიტომ, რომ ერთ ბრძოლაში ვართ ჩვენ და უკრაინა. საქართველოს ხელისუფლება იყო გასუსული, იმიტომ, რომ მათი პოლიტიკაა რუსეთის არ გაღიზიანება და სანამ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა არ თქვა ხმამაღლა, რომ სამარცხვინოა საქართველოს ხელისუფლების საქციელი, მანამ არ გაუკეთებია ჩვენს საგარეო უწყებას განცხადება", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, "საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია ერთი პრობლემის ორი სხვადასხვა გამოხატულებაა", დავით ზალკალიანის ზარი კი მხოლოდ და მხოლოდ რეაგირება იყო იმ ლეგიტიმურ პროტესტზე, რაც წარმოიშვა ჩვენს საზოგადოებასა და დასავლეთში.
"უკრაინა ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მეგობარია და მის პრობლემებთან დაკავშირებით, სიჩუმე მიანიშნებს "ოცნების" ბუნებაზე, რამდენადაც ცდილობენ ისინი დაშორდნენ ცივილიზებულ სივრცეს" - თქვა პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერმა დავთ ჭიჭინაძემ
"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტს დიდი ხანია გამოხატული აქვს მხარდაჭერა უკრაინისთვის. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ოპონენტებს "აქვთ წარმოდგენა, რომ საგარეო პოლიტიკა არის მხოლოდ განცხადებები და ბრიფინგები".