ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში მოძრაობა აღდგება. შეზღუდვები დარჩება მხოლოდ დედაქალაქსა და რუსთავში. რაც შეეხება საქალაქთაშორისო მიმოსვლას, როგორც პრემიერმა განაცხადა, ამ მიმართულებით შეზღუდვები არ მოიხსნება.
ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები თბილისსა და რუსთავზე და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან მომიჯნავე რაიონებში.
შესაძლებელია, იმედი ვიქონიოთ, რომ კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს, მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 5 მაისიდან მუშაობას განაახლებს სამშენებლო სექტორში მომუშავე და სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიები. ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც.
გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლოს ყველა სამშენებლო კომპანიამ და ყველა კომპანია, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებაზე. ასევე ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით არიან დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებენ მუშაობის განახლებას. მინდა აღვნიშნო, რომ შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს სპეციალური გუნდი, ჩამოყალიბებული ჯანდაცვის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებებს, - განაცხადა გახარიამ.
დღეს, პანდემიის გამოცხადების შემდეგ, მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ასევე ისაუბრეს თვითდასაქმებულებისა და სოციალურად დაუცველების დახმარებაზე. გარდა ამისა, როგორც ცნობილია გარკვეული შეზღუდვები მოეხსნებათ ფერმერებსაც. ამ საკითხზე უფრო ვრცელ კომენტარს სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრი გააკეთებს.