უკვე რამდენიმე დღეა, ევროპა ახალი ომის ზღვარზეა. უკრაინის საზღვართან რუსული არმიაა მობილიზებული, სეპარატისტების მიერ კონტორლირებადი რეგიონები ახლა ფეთქებადსაშიში გახდა. ეს ჩვენს უშუალო სამეზობლოში ხდება. სწორედ ამ რთულ დროს, მთავრობას უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა 11 თვის განმავობაში გაწყვეტილი ჰქონდა. დღეს, კი მიიღეს გადაწყვეტილება და ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ელჩს აბრუნებენ. მაგრამ ხელისუფლების მხრიდან, ვერ ვხვდებით უკრაინის მხადამჭერ განცხადებებს.
უკრაინაში ახალი ომის საფრთხე 35 კილომეტრს იქიდან მოდის. ოკუპირებული დონეცკი რუსეთის საოკუპაციო ჯარის მობილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ლოკაციაა. შესაბამისად, უკრაინის თავდაცვის ხაზი ახლა დონეცკის ოლქზე გადის. გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში მედიისთვის მუშაობა შეზღუდულია. ტერიტორიაზე შესვლამდე ყველას აფრთხილებენ, რომ რუსმა სამხედროებმა სროლა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყონ. რუსული არმია უკრაინაში ახალი ომის დაწყებას ნაცნობი სცენარით ცდილობს - არღვევს 2014 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს სხვადასხვა წერტილიდან ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებს და სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნებს ისვრიან.
უკრაინის შეიარაღებული თავდაცვის ცნობით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს რუსი ოკუპანტები მუშაობაში ხელს უშლიან. დღეს კი, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ერთი საპრეზიდენტო თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი გადასცა. ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო ორი დღის განმავლობაში დონბასში განლაგებულ სამხედროებს სტუმრობდა. გასული 24 საათის განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 7-ჯერ დაარღვიეს, მათ შორის 6 დაბომბვა და 1 დისტანციური დანაღმვა განხორციელდა. დაბომბვის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
"მთავარი შაბათს" - ნათია ტრაპაიძის რეპორტაჟი უკრაინიდან