კაცი, რომელიც პოლიციელების უგულისყურო დამოკიდებულებით იმდენად არის გამწარებული, რომ საკუთარი ხელით წვავს თავის ავტომობილს - მისი შემოსავლის ერთადერთ ან, როგორც მინიმუმი, მთავარ წყაროს - ამ ამბის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ამ შემთხვევის შედეგად, მას ორივე ხელი დამწვარი აქვს.
მოქალაქის წყობიდან გამოსვლა დაუსრულებელმა ჯარიმებმა გამოიწვია, თუმცა აქ პოლიციელები თავს გაიმართლებენ და იტყვიან, რომ ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ. მაგრამ ახლა "მთავარი არხი" მოგიყვებათ ისტორიას, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს - არც კანონისმიერი და არც მორალური, მითუმეტეს, როდესაც ასეთ არაადამიანურ საქციელს პოლიციელები ჩადიან - ეს ამბავი მოსაყოლადაც კი საშინლად უხერხულია.
ორი მეგობარი ღამით მანქანით გადაადგილდება. მათ აჩერებს პატრული. ორი მეგობრიდან ერთ-ერთი შშმ პირია - ეტლით მოსარგებლე, რომელსაც ამ მომენტში ბუნებრივი მოთხოვნილება უჩნდება: მან უნდა მოშარდოს. მაგრამ პოლიცია მას ავტომობილიდან გადმოსვლის საშუალებას არ აძლევს, თან დასცინის და იძულებულს ხდის, რომ მან ავტომობილშივე, შარვალში მოისაქმოს.
საბოლოოდ, მამაკაცს შეკავებისგან ემართება სპაზმი, გაუსაძლისი ტკივილი, ის თავს ვეღარ იკავებს და შარდავს ჩაცმულ მდგომარეობაში. ანუ, შელამაზების გარეშე თუ ვიტყვით, როგორც ეს კაცი თვითონ ყვება და თქვენ ამას მოისმენთ - მას პოლიციამ ძალით და გამიზნულად "ჩააფსმევინა". მაგრამ მისი დამცირება ამის შემდეგაც არ წყდება - პოლიცილები მის აბუჩად აგდებას აგრძელებენ, შემდეგ მანქანას ჩამოართმევენ და ასე ჩასველებულს, ეტლში მჯდომს, მეგობართან ერთად ქუჩაში ტოვებენ.
ამ ამბის მსხვერპლმა, ამის შემდეგ, საქართველო დატოვა.
"პოსტ ფაქტუმის" ჟურნალისტმა, დათო აბრამიშვილმა, ის საფრანგეთიდან ჩაწერა.