"მმართველ გუნდთან შეხვედრა არ გვქონია. ვიცი, რომ ჩვენამდე იყო შეხვედრა", - ეს განცხადება "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობის დატოვების შემდეგ გააკეთა, სადაც ამერიკის ელჩს კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ხვდებოდა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შარლ მიშელის მიერ მომზადებულ 5-პუნქტიან ჩარჩო-გეგმაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს.
კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ "ლელოს" პოზიცია, რომ 5 პუნქტიდან 3 პუნქტს ეთანხმება "ლელო", ისევე როგორც ოპოზიციის სხვა პარტიები. მსჯელობა გვქონდა დარჩენილ 2 პუნქტზე. სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ, დეტალებში ვერ შევალთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ძალიან დიდი ყურადღებაა საქართველოს მიმართ, დიდი მცდელობაა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში გადატვირთვა მოხდეს - ეს არის ამოცანა ახლა, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა", - თქვა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხზეც იმსჯელეს.
"არის საკმაოდ სერიოზული ძიება იმისა, რომ საკითხი ისე გადაწყდეს, რომ ის საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, იქნას მიღწეული იმიტომ, რომ სხვა კუთხით მე და ბადრი ჯაფარიძე სხვა თემა და მინართულება არ განგვიხილავს", - თქვა მან.
ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და "ლელოს" ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ელჩებთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.
ამავე თემაზე: