
რუსეთი საქართველოს პრემიერს ისევ აქებს და ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უწონებს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ეს "ინციდენტი სრულიად უმაგალითო" იყო.
"პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტი იყო სრულიად უმაგალითო. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოვისმინეთ საქართველოს პრემიერმინისტრის დაბალანსებული და დამგმობი განცხადება ამ კუთხით", - განაცხადა გრიგორი კარასინმა "კომერსანტთან''.
მისივე თქმით, გააგრძელებს კონტაქტებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ, ზურაბ აბაშიძესთან. კარასინის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი მზადაა კონსტრუქციული სამუშაოებისთვის, რათა საქართველოსთან 2011 წელს დადებული საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შეთანხმება რაც შეიძლება, მალე ამუშავდეს.
მას გამომცემლობა "კომერსანტმა" ავიამიმოსვლაზეც ჰკითხა, რაზეც უპასუხა, რომ ეს ნაადრევია, რადგან რადიკალური ძალები საქართველოში გაურკვევლობას მატებენ რუსეთთან საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის საკითხს.