
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მოსამართლე ნინი ჩახნაშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს და თუ ივანიშვილი მელიას გათავისუფლებას გადაწყვეტს, მელია მხოლოდ ამ შემთხვევაში გათავისუფლდება.
"ეს არ არის პროცესი, ეს არის პროცესის სიმულაცია. ჩახნაშვილი არ არის მოსამართლე, ის ახმოვანებს ქართული ოცნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
ამ ეტაპზე, აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვა მას არ წამოუჭრია. იყო დაცვის მხარის შუამდგომლობები მტკიცებულებების დართვაზე, მათ შორის კობახიძის აღიარების დართვასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა, ეს არ გაგვკვირვებია. ვითომ კობახიძეს არც უთქვამს, რომ სასამართლო მისი ჯიბის სასამართლოა
რაც შეეხება აღკვეთის საკითხს, ამ სასამართლოს პირობებში, რა თქმა უნდა, სამართლებრივი, ლოგიკური მოლოდინები არ არსებობს ნიკას გათავისუფლების, თუმცა თუ პოლიტიკური წნეხი იქნება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნიკა გათავისუფლდება",- თქვა ბასილაიამ.
რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ პროცესი კიდევ გადაიდოს, ბასილაია არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ ვადები არ დაიცვას და პროცესი 17 აპრილის შემდეგაც გადადოს.
"ის, რომ სხდომა გადადოს ეს მისგან გასაკვირი არ იქნება. უფრო მეტიც, საერთოდ 17 აპრილის შემდეგაც ვადები რომ არ დაიცვას და ისე დატოვოს პატიმრობაში ესეც არ გაგვიკვირდება, საერთოდ რომც არ იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის, მიზანშეუწონლობის შესახებ, იმიტომ რომ ეს სასამართლო არაა რეალურად",- თქვა ბექა ბასილაიამ.
დატოვებს თუ არა უკანონო პატიმრობაში თბილისის საქალაქო სასამართლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, დღეს გახდება ცნობილი. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პროცესი უკვე 2 საათზე მეტია მიმდინარეობს. პროცესს თავად ნიკა მელიაც ესწრება.
ენმ-ის თავმჯდომარეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 17 აპრილს ეწურება, ამიტომ მოსამართლე ვალდებულია, პროცესზე აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადასინჯოს.