
"ქართული ოცნების" დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი გამორიცხავს, რომ გახარიას გუნდი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას შეუერთდეს. როგორც ის განმარტავს, მათი მხრიდან ეს მოთხოვნა "სასაცილო" იქნება, რადგან ისინი "ქართული ოცნების" წევრები იყვნენ.
"ვადამდელი არჩევნების მოთხოვნებთან შეერთება გამორიცხული მგონია. მე მგონი, რომ სასაცილო იქნება მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა.
ისინი ამ გუნდის წევრები იყვნენ და სწორედ ეს 5-6 თვე იმის მტკიცებაში ვართ, რომ ვადამდელი არჩევნები ამ ქვეყანას არ სჭირდება",-თქვა პაპუაშვილმა.
გახარიას გუნდის მხრიდან ვადამდელი არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. არჩილ თალაკვაძის თქმით, დიდი ალბათობით, გახარია გუნდი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას შეუერთდება.
გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მან თქვა, რომ გახარიას გუნდი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რომელიც რადიკალიზაციას განმუხტავს.