გაუშვებენ თუ არა მუმლაძეს ციხეში? - დევნა, ძალადობა და შევიწროება აქტივისტების წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი დავით კაპანაძე პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. ყვება, რომ სამართალდამცველი მას ფიზიკურად დაკავების მომენტში გაუსწორდა. კაპანაძეს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. თხოვნის მიუხედავად, პოლიციამ მას ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი უთხრა და მთელი ღამის განმავლობაში დროებითი მოთავსების იზოლატორში დატოვა. სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გამოსული აქტივისტი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში 1 დღის დაგვიანებით გადაიყვანა.

რუსკა მჭედლიძე კი პოლიციას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. სამოქალაქო აქტივისტი ამტკიცებს, რომ სამართალდამცველმა მასზე დაკავების შემდგომ იძალადა.

ხელწერილის საფუძველზე შსს-სთან დაკავებული ყველა აქტივისტი გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი კი დაცვის მხარის შუამდგომლობით გადაიდო. ახალგაზრდებს სურთ, პროცესზე სამხრე-კამერების ჩანაწერები პოლიციამაც მიიტანოს.

გიორგი მუმლაძეს შსს პოლიციელზე ძალადობას ედავება. დღის ბოლოს სამოქალაქო აქტივისტს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მის დაკავებას და დაპირისპირებას ქართული ოცნების ოფისთან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატიც იძიებს.

ვიდრე დადგინდება გასცდა თუ არა სამართალდამცავი უწყება კანონს, სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გიორგი მუმლაძის დაკავებასა და მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში აკაკი ოკრიბელაშვილი მონაწილეობდა, პოლიციელი, რომელიც ალექსანდრე ჭიკაიძის ცოლის ძმაა.

გიორგი მუმლაძის საბრალდებო საქმეზე აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული სხდომა ხვალ გაიმართება. ამის შემდეგ კი გახდება ცნობილი, გიორგი მუმლაძეს სასამართლო პატიმრობაში დატოვებს თუ გაათავისუფლებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი