
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების (ახალციხე, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი და ბორჯომი) მერიებისა და საკრებულოების წევრების დეკლარაციები შეისწავლა.
TI-მ სულ 144 თანამდებობის პირის 2020-21 წლის დეკლარაცია ნახა, საიდანაც 49-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოჩნდა, ასევე, გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის/შეუთავსებელი საქმიანობის 27 შემთხვევა.
"კვლევის ფარგლებში, ასევე გამოვავლინეთ ნეპოტიზმის სავარაუდო შემთხვევები - რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ხუთი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები დასაქმდნენ თვითმმართველობებში, ან მას დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებში", - აღნიშნავს TI.
ორგანიზაცია წერს, რომ ცალკეულ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები ჩართული არიან სახელმწიფო შესყიდვებშიც.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.