
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ამერიკის სანქციებზე რეაგირება გარდაუვალი იქნება. მისი თქმით, სამინისტრომ აშშ-ს ელჩი დაიბარა.
"სანქციებზე რეაგირება გარდაუვალი იქნება, ვაშინგტონმა უნდა გააცნობიეროს, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებისთვის საფასურს გადაიხდის. აშშ სრულად აგებს პასუხს მომხდარზე, ასევე, მინდა ვთქვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს ელჩი დაიბარა, ჩვენ გაგიზიარებთ დამატებით ინფორმაციას ამ საუბრის შედეგების შესახებ, რომელიც უსიამოვნო იქნება ამერიკის მხარისთვის", - თქვა მარია ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკამ 15 აპრილს რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. სასანქციო სიაში შესულია 32 კერძო პირი და ორგანიზაცია, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას შეეცადნენ და ასევე "დეზინფორმაციისა და ჩარევის" სხვა ქმედებები განახორციელეს.
ჯო ბაიდენის აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, აშშ ქვეყნიდან აძევებს რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს, რომელთა შორის რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები არიან.