ბოლო ინფორმაციით, ორჯერ დაანონსებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის, ევროკავშირის წარმომადგენლობაში 19:00 საათზე უნდა დაიწყოს. მეორედ გადადების მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლობების ერთობლივი განცხადება გახდა, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
საერთაშორისო პარტნიორები მხარეებს მოუწოდებენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული. "მთავარის" ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრას დისტანციურად ჩაერთვება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.
დღევანდელ განცხადებაში იკითხება, რომ ორივე მხარემ უნდა მოაწეროს ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც უკვე დღეს იქნება წარმოდგენილი შარლ მიშელის მიერ. ცნობილია, რომ დანიელსონის დოკუმენტს ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა და ამბობს, რომ დასაზუსტებელია პოლიტპატიმრების საკითხი და ვადამდელი არჩევნები. სავარაუდოდ, ამ მიმართულებით შეიტანეს კორექტირება კრისტიან დანილსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტშიც. რა ცვლილებები შევიდა დოკუმენტში შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.
იხილეთ ასევე: