ბოლო პერიოდში, რამდენიმე ხმაურიანი საქმე გაცოცხლდა, რომელშიც თავიდანვე გამოითქმებოდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება რაღაცას მალავდა ან დამნაშავეებს ხელს აფარებდა.
მაგალითად, დათუნა სარალიძის საქმეში - მოულოდნელად დააკავეს მღვდლის შვილი, გიორგი მენამდე. მის შესაძლო ბრალეულობაზე მუდმივად იყო ლაპარაკი, მაგრამ მენაბდეს მაინც არ ეხებოდნენ. რა შეიცვალა ახლა? ხომ არ შეიცვალა ის, რომ ამ საქმით ხელისუფლება გიორგი გახარიაზე და კახა საბანაძეზე გასვლას ცდილობს და მათი დადანაშაულება უნდა? - ხორავას ქუჩის მკვლელობის დროს გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, საბანაძე კი მისი მოადგილე.
სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი პირდაპირ ამბობს, რომ მართლაც არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რეალურ მკვლელს გახარია და საბანაძე აფარებდნენ ხელს. ხვალ ადვოკატი პროკურატურაში დამატებითი ვიდეოჩანაწერების წარდგენას აპირებს.
და ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ყოფილ პრემიერმინისტრზე დასარტყმელად გაცოცხლდა - თუ ეს ვარაუდი სიმართლე აღმოჩნდა, მაშინ პოლიტიკაში ოფიციალურად მოსულ გიორგი გახარიას "ქართული ოცნება" ბრალდებების მთელი პაკეტით დახვდება.
ეს მოვლენათა განვითარების მხოლოდ, შესაძლო სცენარია, რომელზეც ხელახლა გაღვიძებული ხმაურიანი საქმეები გვაფიქრებინებს.
დათო აბრამიშვილის რეპორტაჟი - "ნადირობა გახარიაზე?"