ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები - ადვოკატების შეფასება საბოლოო დოკუმენტზე

გამოქვეყნდა:

იურისტები, არასამთავრობოები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებული საბოლოო დოკუმენტი რისკებს შეიცავს. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია, ის ამბობს, რომ "ოცნებასთან" თავისუფლებით არ ივაჭრებს და შეთავაზებულ დოკუმენტს არ თანხმდება. 

"ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით ნიკას არაერთხელ აქვს დაფიქსირებული მისი ურყევი პოზიცია, რომ ეს არის მისთვის მიუღებელი. ვინაიდან ამით გამოდის, რომ 20 ივნისის ისტორიის გადაწერა უნდა მოხდეს, ერთ პლატფორმაზე უნდა იქნას განხილული ახალგაზრდა, პატრიოტული სულისკვეთებით გამოსული მოქალაქეები, რომლებსაც მიაყენეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები და ის სავარაუდო დამნაშავე მაღალი და საშუალო რგოლის თანამდებობის პირები ვინც შექმნა 20 ივნისი", - თქვა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა. 

მისი თქმით, თუ ხელისუფლებას კრიზისის განტვირთვა სურს პროკურატურას შეუძლია სასამართლოს მიმართოს და მელიას გათავისუფლება მოითხოვოს. რაც შეეხება "მთავარი არხის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას მის გასათავისუფლებლად ორი გზა არსებობს:

"გვაქვს ორი ალტერნატივა, ერთი - პრეზიდენტის მიერ შეწყალება, ხოლო მეორე რაც აგრეთვე მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციოში შეტანილი გვაქვს საჩივარი, უნდა განხილულიყო 2 თვეში, გასულია 7 თვეზე მეტი და ერთი სხდომაც არაა ჩატარებული. სააპელაციოს შეუძლია დანიშნოს სხდომა და დაასრულოს გიორგი რურუას პოლიტიკური პატიმრობა", - თქვა გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილმა კი ამჯერადაც არ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი