ახალი კვლევის თანახმად, უძველესმა კორონავირუსმა ან მისმა მსგავსმა პათოგენმა თანამედროვე აღმოსავლეთ აზიელების წინაპრებში, 25 000 წლის წინ, ეპიდაფეთქება გამოიწვია.
2000 ადამიანიდან აღებული დნმ-ის ნიმუში მიუთითებს, რომ შესაძლოა, დღევანდელ აღმოსავლეთ აზიელებს კორონავირუსებთან ან მასთან დაკავშირებულ ინფექციებთან ბიოლოგიური ადაპტაციები შთამომავლობით გადმოეცათ.
ეს აღმოჩენა მეცნიერებს საშუალებას მისცემს, გამოიკვლიონ, უძველეს ვირუსულ ეპიდემიებთან დაკავშირებულ გენებს რა როლი ჰქონდა თანამედროვე ეპიდაფეთქებებში, მათ შორის COVID 19-ის პანდემიაში.
მეცნიერთა ჯგუფმა კვლევისათვის 2504 ადამიანის დნმ-ის საჯაროდ ხელმისაწვდომი ბაზა გამოიყენა. ეს ადამიანები ხუთ კონტინენტზე მცხოვრები 26 ეთნოსის წარმომადგენლები არიან, მათ შორის არიან დაიები (ჩინელები), კინები (ვიეტნამელები) და იორუბები (აფრიკელები). მკვლევარები თავდაპირველად იმ 420 ცილას დააკვირდნენ, რომლებიც კორონავირუსებთან ურთიერთქმედებს, აქედან 332 კი COVID 19-ის გამომწვევ ვირუს SARS-CoV-2-თან შედის კონტაქტში. ეს ურთიერთქმედებები, დაწყებული იმუნური პასუხის გაძლიერებიდან და დამთავრებული ვირუსის მიერ უჯრედის „გატაცებით“, ყველაფერს მოიცავს.
ამ 420 ცილის საგრძნობლად გაზრდილი წარმოქმნა, რაც წარსულში კორონავირუსის მსგავს ეპიდემიებთან ექსპოზიციას ნიშნავს, მხოლოდ აღმოსავლეთ აზიელებში მიმდინარეობდა. მეცნიერების თქმით, 42 ცილა დაახლოებით 25 000 წლის წინანდელია.
თანამედროვე აღმოსავლეთ აზიაში დიდმასშტაბიანი გენეტიკური კვლევების ჩატარება და უძველესი ადამიანის დნმ-ის ნიმუშები აღება იმისთვისაა საჭირო, რომ დადგინდეს, ამ 42-მა გენმა დღევანდელ პანდემიას ან კორონავირუსის სხვა ინფექციებს როგორ შეუწყო ხელი. კვლევის ავტორების თქმით, ამ საკითხის დეტალური შესწავლა COVID 19-ის სამკურნალო პრეპარატის შექმნაში დიდ წვლილს შეიტანს. ჯერჯერობით, ამ გენებიდან 11 პრეპარატის შესაქმნელად მხოლოდ ოთხი გამოიყენება.