მმართველი გუნდი კოკა ყანდიაშვილთან ურთიერთობას უარყოფს და ამბობს, რომ ყანდიაშვილის სააგენტოსა და ფეისბუქ ჯგუფებს "ქართულ ოცნებასთან" კავშირი არ აქვს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, კოკა ყანდიაშვილი მხოლოდ მმართველი გუნდის მხარდამჭერია და მისი პოლიტიკური გემოვნება, უბრალოდ, "ქართული ოცნების" პოლიტიკასთან არის თანხვედრაში.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფეისბუქის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ასეულობით ყალბი ანგარიში და ფეიჯი დაიბლოკა, ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაციაა ნახსენები.
თავად ფეისბუქმა გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. მან გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია ფეისბუქის ყალბი გვერდებისა და ანგარიშების ჩახსნაზე და რაც მთავარია მასში საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ეს არის "ნაციონალური მოძრაობა". ფეისბუქის განცხადებით, "ნაცმოძრაობის ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კოროვნავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, უნდა დასრულდეს საუბარი ყანდიაშვილის "ქართულ ოცნებასთან" კავშირზე, რადგან ის 2013-2014 წლიდან დამოუკიდებლად ოპერირებს სოციალურ მედიაში. თუმცა მდინარაძისთვის ცნობილია, რომ ყანდიაშვილი ნამდვილად არის სააგენტო "ესპერსონას" დამფუძნებელი, რომლის ფეისბუქგვერდიც სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ გააქრო.
მას, როგორც ცნობილია, აქვს და ჰქონდა სააგენტო "ესპერსონა", მაგრამ "ქართულ ოცნებასთან" მას ოფიციალური კავშირი არ ჰქონია. რაიმე ხელშეკრულება ან დავალება "ქართული ოცნებიდან" არ ფიქსირდება, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ფეისბუქმა ათასობით ყალბი ექაუნთი დაბლოკა, მათ შორის გააქრო კოკა ყანდიაშვილის გვერდი და მისი სააგენტოს "ესპერსონას" გვერდიც. გამქრალია რამდენიმე ოპოზიციური ფეიჯიც. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, ამ ფეიჯებს კონკრეტული ადამიანები მართავდნენ და გვერდები მხოლოდ დარეპორტების შედეგად წაიშლა.