საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტზე მიმართვას ავრცელებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ეს დოკუმენტი ხარვეზებს შეიცავს, თუმცა მასში არის ორი მთავარი პუნქტი, რომელიც პოლიტპატიმრებსა და არჩევნებს შეეხება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერონ.
"ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და ძალიან შორს არის იმისაგან, რაც რეალურად გადაწყვეტდა კრიზისს. მაგრამ იქ არის ორი მთავარი რამ. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი პარტიის გმირი თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, როგორც გიორგი რურუა, შეწყდეს პოლიტიკური დევნა. ეს უნდა მოხდეს უპირობოდ. ყოველგვარი გირაოსა და დამამცირებელი პირობების გარეშე. მას შემდეგ რაც ნიკა მელია ამ პირობების გარეშე დატოვებს საპატიმროს, მინდა მოვუწოდო "ნაციონალურ მოძრაობას" ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებაში, არის მთავარი მეორე პუნქტი ასევე. შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა პრაქტიკულად რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობის ჩამოშორების თაობაზე", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მან ასევე დიდი მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.