"როდესაც მთავრობა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერს აპატიმრებს, ეს ვაშინგტონში ნამდვილად ცუდად ჩანს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ტეფტიმ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.
ვფიქრობ, აქ ძალიან შეშფოთებულები არიან. თქვენც მოისმინეთ ბევრი განცხადება, რომლებიც გაკეთდა საქართველოს მეგობრების მიერ და ალბათ ჯორჯ კენტის გამოსვლაც მოისმინეთ სენატში. აქ მართლაც ძალიან ღელავენ საქართველოში დემოკრატიის მომავალზე, იმაზე, თუ რა ხდება ახლა თქვენს ქვეყანაში და რასაც თქვენი მთავრობა აკეთებს. ეს არ გამოიყურება კარგად. როდესაც მთავრობა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერს აპატიმრებს, ეს ნამდვილად ცუდად ჩანს აქ ვაშინგტონში.
მეორე საკითხი, რაც ასევე ჩანდა ჯორჯ კენტისა და საქართველოს სხვა მეგობრების განცხადებებში, ის იყო, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა უნდა იზრუნოს ქვეყნის მომავალზე. შესაძლოა, მე ზედმეტად პირდაპირი ვარ ახლა, მაგრამ აქედან ისე ჩანს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ზედმეტად არიან ჩართულნი პარტიებს შორის დაპირიპირებასი და შორეულ პერსპექტივაში ქვეყნის მომავალზე არ ფიქრობენ.
მთავრობამ არ მიიღო ევროკავშირის დახმარება და ალბათ, ეს ჩემი ვარაუდია, არსებობს ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციაში ხალხი, რომელიც ფიქრობს: რატომ უნდა ჩავერთოთ ჩვენ ამ საქმეში, თუ მათ ევროკავშირის დახმარება არ მიიღეს? - ამბობს ტეფტი.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საქართველოს საკითხით ძალიან დაინტერესებულია, 2008 წელს საქართველოსთვის დახმარების პროგრამის შემუშავების ერთ-ერთი ინიციატორია და 2009 წელს თბილისში ჩამოსულიც იყო.
ჯო ბაიდენი, საქართველოს საკითხით ძალიან დაინტერესებულია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კვლავაც გაგრძელდება. ჯო ბაიდენმა უფრო მეტი იცის საგარეო პოლიტიკის შესახებ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პრეზიდენტმა, რომელიც მე მახსოვს და განსაკუთრებით ეს ეხება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს. გარდა ამისა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ დემოკრატიულ ფასეულობებს არ გადაუხვიოს. ეს მან უკრაინისასთან მიმართებითაც არაერთხელ განაცხადა და საქართველოსთან მიმართებითაც. მისთვის დემოკრატიული ფასეულობები მთავარია, ყოველთვის ასე იყო. ამიტომ, მთავარია, რომ დაპატიმრებული ოპოზიციონერები განთავისუფლდნენ, გაიმართოს დიალოგი და მიღწეულ იქნას კომპრომისი, - ამბობს ჯონ ტეფტი.
წამყვანის კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს საქართველოს მიმართ ყურადღების შესუსტებას ის ფაქტი, რომ
მსოფლიოში ახალ-ახალი კერები ჩნდება, მაგალითად - უკრაინა და ავაღანეთი, ჯონ ტეფტი ამბობს, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებს კარგად ესმით, რა ხდება საქართველოში, თუმცა საკითხავია, რამდენად მალე შეძლებენ ისინი ამ საკითხებსი ჩართვას.
ახლა მართლაც ბევრი თემაა აქტუალური: უკრაინა, ავღანეთი.... მე ძალიან კარგად ვიცნობ ტონი ბლინკენს, რომელიც თავის მხრივ ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, გათვითცნობიერებულია პოლიტიკურ დინამიკაში და ყველაფერში, რაც თქვენს ქვეყანაში ხდება. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ახლა ისინი საქართველოში უფრო მეტად აპირებენ ჩართვას. მათ, როგორც ამერიკელები ამბობენ, პრობლემებით სავსე თეფში უდევთ წინ. ჩვენ უკვე გვაკრიტიკებენ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, რომ საკმარის ზეწოლას არ ვახდენთ რუსეთზე და რომ ბაიდენმა ზედმეტად რბილი კურსი აირჩია მოსკოვთან მიმართებით. ვიცი, რომ ბაიდენს, ისევე როგორც ტონი ბლინკენსა და ჯეიკ სალივანს კარგად ესმით, რაც ხდება საქართველოში, უბრალოდ საკითხავი ის არის, რამდენად მალე შეძლებენ ისინი უფრო აქტიურად ჩართვას ამ საკითხში, იმის გათვალისწინებით, რომ გაცილებით უფრო პრიორიტეტული საკითხები აქვთ მოსაგვარებელი. ალბათ საქართველოში ამის მოსმენა არ ესიამოვნებათ, მაგრამ ვაშინტონში ახლა ასეთი რეალობაა, - ამბობს ტეფტი "მთავარ არხთან" საუბრისას.