პოლიტიკური სასამართლო - გიორგი რურუას დისტანციური პროცესი დასრულდა

გამოქვეყნდა:

ქვეყნის მთავარი ოპოზიციური მედია საშუალების მფლობელის სასამართლო, რომელზეც მოწმე პოლიციელები დაკითხეს, დღეს დისტანციურად გაიმართა და მთელი ამ პროცესით გიორგი რურუას პოლიტიკური დევნის ფაქტი კიდევ ერთი დადასტურდა.

საპატრულო პოლიციის ოფიცერი, რომელმაც გიორგი რურუა დააკავა, აღიარებს, რომ მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის დაკავების ოპერაცია არაფორმალური ბრძანების საფუძველზე განხორციელდა. პოლიციელის თქმით, მას არც რურუას ჩხრეკაში მიუღია მონაწილეობა და ავტომობილიდან იარაღის ამოღების შესახებაც მხოლოდ მეორე დღეს შეიტყო.

დაკითხულმა პოლიციელებმა დაასახელეს იმ სამართალდამცველის სახელი, რომელმაც მათ არაფორმალურად, უბრალო სატელეფონო ზარის საშუალებით სთხოვა რურუას ავტომობილის გაჩერება. ეს ადამიანი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი დავით დვალიშვილია. 

დვალიშვილი შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირია, მას, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი გაგა კირკიტაძე და კახაბერ საბანაძე მფარველობდნენ. ის საკმაოდ აქტიური იყო გასულ წელს, სამეგრელოში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროსაც მთავრობის დავალებული სხვადასხვა უკანონო ოპერაციების შესრულებისას. დვალიშვილი მონაწილეობდა ასევე ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის დაკავებაში და მას ბევრი წლით ციხეში გაშვებით ემუქრებოდა. კაპანაძის პროკურატურაში შეტანილ სარჩელს რეაგირება არ მოჰყოლია.  

პატრულის ოცმეთაურმა სასამართლოში დღეს დაადასტურა, რომ გიორგი რურუას დაკავების ოპერაცია უკანონო იყო. ბრალდების მხარის მოწმემ პროცესზე ეს რამდენჯერმე გაიმეორა.

ახალ გზაზე რომ ვიყავი, ჩემს მეწყვილეს დაურეკა. მერე თვითონ მითხრა. დაურეკა დავით დვალიშვილმა, რომელიც მუშაობს თბილისის სამმართველოში და უთხრა, რომ "ტოიოტა პრადო" იყო გასაჩერებელი. დახმარება გვთხოვა. უნდა მოძრაობდეს ვაკის ტერიტორიაზეო. პირად მობილურზე დაურეკა. რაციაში არ გადმოუცია. დავით დვალიშვილთან დაქვემდებარება არ გვაქვს, - ამბობს მოწმე ვალერიან ფოდიაშვილი. 

დაცვის მხარისთვის საეჭვოა ის ფაქტიც, რომ არც პატრულის მანქანაში დამაგრებული კამერისა და არც სამხრე კამერების ჩანაწერები საქმეში არ არსებობს. 

ყოველთვის, როდესაც პოლიციელთა მხრიდან რაიმე გადაცდომაზეა საუბარი, შსს ამბობს, რომ სამხრე კამერები, გარე კამერები არის გაფუჭებული, გამოსული მწყობრიდან, არ ახორციელებენ ჩაწერას. რაც ნიშნავს, რომ პოლიცია რეალურად ცდილობს დანაშაულის დამალვას, - აცხადებს გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. 

ბრალდების მხარის მტკიცებით, ჩხრეკა იმ ტერიტორიაზე ჩატრადა, სადაც ავტომობილი გააჩერეს და იარაღის მაყუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს. თუმცა პოლიციელი გიორგი კოღუაშვილი, რომელიც დღეს სასამართლოში დაიკითხა, ამბობს, რომ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაუნახავს  და მხოლოდ მეორე დღეს, კოლეგებისგან  გაიგო, რომ რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციელი კოღუაშვილი იმასაც ამტკიცებს, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, გიორგი რურუა შეიარაღებული იყო. შესაბამისად, გაუგებარია რატომ მივიდნენ მის დასაკავებლად პოლიციელები იარაღის გარეშე. 

პოლიციელებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ პირი გადაადგილდება ცეცხლსასროლი იარაღით, გავიდნენ მის დასაკავებლად ისე, რომ თვითონ არ აქვთ იარაღი. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ პოლიციელებმა კარგად იცოდნენ, რომ გირგი რურუას იარაღი თან არ ჰქონდა და მიდიოდნენ არა მის გასაჩხრეკად, არამედ ოპერაცია რეალურად იყო მისთვის იარაღის ჩადება და დაპატიმრება, - ამბობს გიორგი რურუას ადვოკატი. 

დისტანციურად გამართული პროცესის მთავარ აქტორს, გიორგი რურუას ეჭვი აქვს, რომ მოწმე პოლიციელები ოთახში, საიდანაც ჩვენებას აძლევდნენ, მარტო არ იყვნენ, რაც აშკარა კანონდარღვევაა. ამის გამო, დაცვის მხარე სხდომების დისტანციურ რეჟიმში ჩატარების გაუქმებასა და სასამართლოს შენობაში სპეციალური აღჭურვილობით ჩატარებას ითხოვს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი