ამნისტიის კანონპროექტმა, რომელიც ჯერ არც კი დაინიცირებულა სამოქალაქო აქტივისტებსა და დაზარალებულებში პროტესტი გამოიწვია. საკმაოდ ემოციური პოსტით გამოეხმაურა ამ ფაქტს მაკო გომური.
დანაშაული არ უნდა ეპატიოთ სამართალდამცველებს და ბრძანების გამცემებს - ასეთია იმ ადამიანების პოზიცია, ვინც საკუთარი თვალით ნახა რა ხდებოდა 20 ივნისის ღამეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
დაზარალებულებმა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობას საგანგებო წერილით მიმართეს.
დაშავებული აქტივისტების უმრავლესობა ამ დრომდე ელოდება დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. მათგან განსხვავებით, გამოძიებამ მარტივად იპოვა დაზარალებულები სამართალდამცველებს შორის.
პასუხისგებაში კი მხოლოდ სამი პოლიციელია მიცემული, სამივე მათგანი ახლა გირაოთია გათავისუფლებული.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ისინი სამსახურებრივ მოვალეობასაც ასრულებენ, დღეს ინფორმაციის გადასამოწმებლად მათ სახლში მივაკითხეთ, თუმცა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები ფიქრობენ, რომ ამნისტია, მხოლოდ პოლიტიკურად დევნილებზე უნდა გავრცელდეს. მოძრაობა "შეცვალემ" კი პეტიციით უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ ამნისტია არ შეახოს აქციის დარბევისას მოძალადე სამართალდამცველებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა იქნება.
კანონპროექტი პარლამენტში სამშაბათს უნდა დაინიცირდეს.