
საკონსტიტუციო სასამართლო სამი ოპოზიციონეტირი დეპუატეტის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, მსჯელობას იწყებს. ზურა ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო, როცა მათი მოთხოვნის მიუხედავად მანდატები არ გააუქმა.
დღეს თამარ კორძაიამ არსებითი განხილვის 2 კვირით გადადება მოითხოვა და პლენუმის უკვე მიმართა. ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე კი მათი სარჩელების სწრაფად განხილვას მოითხოვენ.
"ესეთი პრაქტიკის დანერგვა, რომ მმართველ გუნდს შეუძლია მძევლად აგიყვანოს და როცა მოუნდება შენი ნების წინააღმდეგ მართოს ეს პროცესი პოლიტიკური, პარტიული ინტერესებით, ზოგადად საშიში პარაქტიკაა ქვეყნისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენ ქვეყანაში კონსტიტუციის უზენაესობის უფლება", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ზურა ჯაფარიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ პარლამენტის უმრავლესობას შეუძლია მისი ნების გარეშე ვინმე პარლამენტში სამუშაოდ დატოვოს, რაც მისი შეფასებით სისულელეა.
"ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას, რომ ვინც არ უნდა იყოს, რომელსაც მისმა ამომრჩევლებმა მიანიჭეს მანდატი და შემდეგ ის თავისი ნებით უარს ამბობს ამ მანდატზე პარლამენტის უმრავლესობამ აქციოს მონად და დააბას პარლამენტში", - თქვა მან.
პლენუმის 9 მოსამართლეს საკითხზე სხვადასხვა პოზიცია აქვს. ერთ-ერთმა მათგანმა, ევა გოცირიძემ დღეს თქვა, რომ სარჩელი სასამართლოს წარმოებაში საერთოდ არ უნდა მიეღო.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი.