
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, რუსეთს, საქართველოში ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ჯორჯ კენტიმ ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. მისი თქმით, სიცრუეა, თითქოს ლაბორატორია დაავადებას ქმნიდა. მან სინანული გამოთქვა, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გამოთქმული ეს მოსაზრება და გზავნილი, ჩინეთმა აიტაცა.
სამწუხაროა, რომ მაშინაც კი, როდესაც ვეძებთ საერთაშორისო თანამშრომლობის გზებს, რუსეთი ტრადიციულად ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მდებარეობს. რუსეთი ცრუობს, რომ ლაბორატორია ქმნიდა დაავადებას, ნაცვლად მასთან ბრძოლისა. მათ ამ ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს უკრაინასა და სომხეთში, სადაც მედიაზე გავლენა აქვთ, - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ჯორჯ კენტი.