"ივანიშვილი, სანქციებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხისგან იმსახურებს" - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამერიკელი კონგრესმენების მზაობას, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.
ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ რობ ბიშოპის გადაწყვეტილება კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ საქართველოში ვითარება შემაშფოთებელია.
საქართველოს არ აქვს ის იმიჯი, რაც წლების წინ ჰქონდა. ქვეყნის, სადაც შესაძლებელია ინვესტორმა გააკეთოს ინვესტიცია, სადაც დემოკრატიული პროცესი კარგად მიდის, სადაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ხელისუფლება არ გამოიყენებს იგივე ინვესტორების წინააღმდეგ. მთელი ეს კონტექსტი ძალიან შემაშფოთებელია და ამის ინდიკატორი არის ის, რომ კიდევ ერთი კონგრესმენი დაემატა ამ მოთხოვნას. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი იმსახურებს სანქციებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მხრიდან, - ამბობს ჭიაბერაშვილი.
"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ ილუზიები იმის შესახებ, რომ კორონავირუსიდან გამომდინარე საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღება აღარ ექცევა, გაქარწყლდა.
ჩვენი მეგობრები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. გუშინდელი ფაქტიც ძალიან სამწუხაროა, როდესაც კიდევ ერთხელ ამხილეს "ქართული ოცნების" პროპაგანდის მანქანა და "ფეისბუქმა" გააუქმა პროპაგანდისტული გვერდები. ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, - ამბობს ჯაფარიძე.
ოპოზიციის წევრები აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ თუ არ გაითვალისწინებს კონგრესმენების რეკომენდაციებს, შესაძლოა, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები სანქციების მსხვერპლი მართლა აღმოჩნდნენ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის იმიჯს უცხოეთში უკვე აღარაფერი უშველის, მათ შორის არც დასპონსორებული სტატიები.
არავინ დატოვებს უყურადღებოდ საქართველოში დემოკრატიული პროცესების ასე ჩამოშლას, მართლმსაჯულების სისტემის ჩამოშლას და დიდი გულისყურთი დააკვირდებიან წინასაარჩევენო პერიოდს და ასევე იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პანდემიას იყენებს თავის სასარგებლოდ, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების აქტს კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი შეუერთდა. რობ ბიშოპი მეცხრე კონგრესმენია, რომელმაც მარკ მალენის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს მოაწერა ხელი.
საქართველოს სამართლიანი ბიზნესის პრაქტიკის სანქციათა კანონპროექტი, სანქციების დაწესებას ითვალისწინებს მათთვის, ვინც საქართველოში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე არიან პასუხისმგებლები. განსაზღვრულია, რომ დოკუმენტში ჩამოთვლილ დარღვევებთან კავშირში მყოფ პირებს აშშ-ში ჩასვლა აეკრძალოთ და გაიყინოს მათი ფულადი ანგარიშები.