
"ამნისტია გამოიცემა, გავრცელდება ყველა პირზე და დარღვევაზე თანაბრად", - ასეთი განცხადება გააკეთა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, მმართველი პარტიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ. მხარეები დღევანდელ შეხვედრაზე დოკუმენტით გათვალისწინებულ, 20 ივნისის ამნისტიის განხორციელებაზე მსჯელობდნენ.
როგორც ოხანაშვილი ამბობს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამნისტია არ გავრცელდება იმ პირებზე, ვის შემთხვევაშიც იკვეთება კონვენციური მუხლების დარღვევა. საუბარია, წამებაზე, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაზე და სხვ. მისივე თქმით, ის და მმართველი გუნდი "ამ შეთანხმების ჩაშლის საშუალებას არავის მისცემენ".
"ქართული ოცნების" მზაობა, რაც იყო მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ მიღწეულიყო შეთანხმება ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს ევროკავშირის ეგიდით და არ მივეცით არცერთ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფს შეთანხმების ჩაშლის საშუალება რისი სურვილიც ჰქონდათ. ამავე სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას. დღეს იყო საქმიანი შეხვედრა, იმისთვის რომ დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს. "ქართული ოცნება" რჩება ერთგული შეთანხმების. რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას, მის ყველა პირზე და სამართალდარღვევაზე გავრცელებას", - ამბობს ოხანაშვილი.
ოხანაშვილი ასევე ამბობს, რომ "ვერანაირი პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ჩადენილი შესაძლო მძიმე დანაშაული, ვერ იქნება პრივილეგირებული პოლიციელთან, ამიტომ სტანდარტი და მიდგომა ერთნაირი იქნება".
იხილეთ ასევე: