ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მეცხრე კვირაა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები მატულობს. ჯანმოს მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 5,7 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ბოლო 6 კვირის განმავლობაში, კორონავირუსით მსოფლიოში 87 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა კვირასთან შედარებით 5%-ით მეტია.
ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა. კერძოდ, ამ პერიოდში ქვეყანაში 2 172 063 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 52%-ით მეტია, წინა კვირაში გამოვლენილი შემთხვევებთან შედარებით.
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით, მეორე ადგილზე შეერთებული შტატებია, სადაც ბოლო კვირში 406 001 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. შემდეგ მოდის, ბრაზილია - 404 623 შემთხვევით, წინა კვირასთან შედარებით გამოვლენილმა შემთხვევებმა 12%-ით იკლო. შემთხვევების რაოდენობით, მეოთხე ადგილზე თურქეთია (378 771), მეხუთეზე კი, საფრანგეთი (211 674).