"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია უცვლელია. როგორც დიტო საძაგლიშვილი ამბობს, კანონპროექტის ინიცირება პროექტის მოხსნას არ გამორიცხავს,
ენმ-ის თავმჯდომარის მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ, 29 აპრილს გაიმართება. მელიას ადვოკატის თქმით, ხელისუფლებას კიდევ ერთი შანსი აქვს, რომ პროკურატურის შუამდგომლობით ნიკა მელია გაათავისუფლონ.
"ხვალ გაიმართება ნიკა მელიას საქმეზე პროცესი. შესაბამისად, ხელისუფლებას კიდევ ერთი შანსი აქვს, რომ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და დაასრულოს ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა. ეს შესაძლებელია პროკურატურის შუამდგომლობით. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ნიკა მელიამ დააფიქსირა პოზიცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამნისტია იქნება გამოხმობილი და მოიხსნება დღის წესრიგიდან, ის მზად არის მიიღოს ევროკავშირის გირაო და ამ ფორმით მოხდეს მისი პატიმრობიდან გათავისუფლება.
რამდენადაც ვიცით ინიცირებულია უკვე, ამნისტიის პროექტი, თუმცა ეს ჯერჯერობით არ გამორიცხავს ნიკა მელიას განცხადების შესრულებას, იქიდან გამომდინარე, რომ იქ საუბარია არა ინიცირებაზე, არამედ იმაზე, რომ ეს პროექტი მოიხსნას და არ იქნას მიღებული",- თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
დღეს, 28 აპრილს ნიკა მელიას საპატიმროში მისი ადვოკატები მოინახულებენ. ამას გარდა, მელიასთან საპატიმროში სალომე სამადაშვილი შევა.
შეგახსენებთ, 26 აპრილს ნიკა მელიამ რუსთავის საპატიმროდან მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იმ შემთხვევაში თუ ამნისტიის კანონპროექტს გაითხოვენ, ის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება.