შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია ამ წუთებში "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში იკრიბება. შეხვედრის მთავარი თემა 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტია, რომელზეც მმართვე გუნდსა და ოპოზიციას საკუთარი ვერსიები აქვთ.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ის ვერსია, რომელსაც "ქართული ოცნება" წარადგენს, შეთანხმებას ცდება. ჯაფარიძის თქმით, "ქართული ოცნება" დანაშაულის ჩამორეცხვას ცდილობს.
"უნდათ, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხონ, ახსნა უბრალოდ არ არსებობს. ეგ არ ყოფილა შეთანხმებული მოლაპარაკების მაგიდასთან არც ერთ მომენტში, საერთოდ დისკუსიაც არ ყოფილა. რასაც ისინი ახლა აკეთებენ, ეს არის ხელშეკრულებიდან გასვლა.
ჩემი აზრით, ვიღაცამ ვიღაცა რომ დააზიანა ეს შეიძლება კონვენციური დანაშაული არ იყოს, მაგრამ დაზარალებულის თანხმობის გარეშე, მე არ ვთვლი, რომ მე მაქვს ვინმესთვის პატიების უფლება",- თქვა ჯაფარიძემ.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამნისტია იმ ადამიანებს არ შეეხოს, რომლებმაც განზრახ დააზიანეს ადამიანები, ასევე, თანამდებობის პირებს, რომლებმაც მსგავსი ბრძანებები გასცეს.