COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ერთ დღეში 11-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა შორის რვა, რუსეთიდან დაბრულებული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ათასობით ქართველი მძიმე მდგომარეობაშია. წეროვანის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივები ყვებიან, რომ მათი ნათესავები მძიმე პირობებში ცხოვრობენ. ჩაკეტილ რეგიონში დარჩენილებს, თბილისში სამკურნალოდ წამოსვლა სურთ, თუმცა, ვერ ახერხებენ.
ის, რომ ოკუპირებული რეგიონი საკარანტინე ზომების მისაღებად მზად არ არის, ამაზე საუბრობს თამარ მეარაყიშვილი. ჟურნალისტი ახალგორიდან ყვება, რომ მოქალაქეები კლინიკიდან, სადაც იზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ, ყოველდღიურად იპარებოდნენ. ამიტომ გაურკვევებლია, როგორ შეძლებს ადგილობრივი ხელისუფლება ინფიცირებულთა დადგენასა და მათ მკურნალობას.
ახალგორის გამგებელი საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილ მოქალაქეებზე კომენტარს არ აკეთებს. ამბობს, რომ არ იცის, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი 10 მაისიდან რუსეთთან საზღვარს სრულად ჩაკეტავს. შეზღვუდვა მხოლოდ ერთ კვირას გაგრძელდება. როდის მოხსნის ცხინვალის რეჟიმი შეზღუდვებს ქართულ მხარესთან, ჯერ უცნობია.