პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია დღევანდელ სხდომაზე საკითხს დააყენებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდოს.
სამადაშვილის თქმით, კანონპროექტი ერთის მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, მეორე მხრივ კი, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.
"ქართული ოცნება ამკაცრებს სასჯელს ადმინისტრაციული დარღვევებისთვის. ეს ეწინააღმდეგება ერთის მხრივ, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების პრინციპებს და მეორეს მხრივ, მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგება იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელიც მიღწეული იქნა, შარლ მიშელის მედიაციის დახმარებით. ამიტომ ჩვენ დღეს აქ საქართველოს პარლამენტში ვაპირებთ, რომ დავაყენოთ საკითხი, რომ გადაიდოს კენჭისყრა და განხილვა ამ საკითხის და მიეცეს შესაძლებლობა, როგორც ოპოზიციას, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით.
უშუალოდ ეს პოზიცია რომ დაგვეფიქსირებინა, სწორედ ამიტომ მოვედით დღეს პარლამენტში",- თქვა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღეს აღნიშნულ კანონპროექტს კენჭს მეორე მოსმენით უყრის. სხდომა უკვე დაწყებულია.