"დაკავება და გამოვლენა არაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი" - ლილუაშვილი ჯაშუშებზე

გამოქვეყნდა:

საკანონმდებლო ორგანოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ლილუაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევებია ოკუპაცია, კრიტიკული მედია და სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობა. მათ პოზიციასა და საქმიანობაში ლილუაშვილი სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობებს ხედავს:

"ესაა დისკრედიტაციის დიდი ტალღა, რომელიც მიმდინარეობს როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, ისე, ნებისმიერი პატრიოტული იდეისა და მოსაზრების წინააღმდეგ, რასაც უბავენ მხარს ჩვენი ვაი პოლიტიკოსები, ვაი ჟურნალისტები და ვაი წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორის", - ამბობს ლილუაშვილი. 

ლილუაშვილის თქმით, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებზე მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება და მათი დაკავება "არაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი".

"მონიტორინგი ხორციელდება ჩვენთვის საინტერესო პირებზე, დაკავება და გამოვლენა არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავშირში ერთმანეთთან, რადგან არსებობს სხვა ღონისძიებები მათ მიერ შესაძლო საფრთხეების მიყენებას ჩვენს ქვეყანაზე", - თქვა ლილუაშვილმა

ლილუაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც სისტემას შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი ამხელს, სისულელე უწოდა:

"მე ასეთ სისულელეებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ, რამდენი სისულელეც გავა სიუჟეტში, იმდენი განცხადებები, რომ ვაკეთოთ იქნება არარეალური. თუ ვინმეს სურვილი აქვს, კალამი, ფურცელი და განცხადების ფორმა არსებობს", - თქვა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში უკანონო მოსმენები არაა და სუს-ი არავის უსმენს.

რაც შეეხება სალომე სამადაშვილისა და ანა დოლიძის საქმეებს ლილუაშვილს ასეთი ახსნა აქვს: "ანა დოლიძემ თვითონ განაცხადა, რომ მაგ დროისთვის საქართველოში სულ არ ცხოვრობდა და როგორ უნდა მოგვესმინა".

ასევე, სუს-ი ვერ დაიწყებს გამოძიებას სალომე სამადაშვილის საქმეზეც - "სამადაშვილის ჩანაწერები გავრცელდა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და ამის გამოძიებას ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების გარეშე ვერ განვახორციელებთ".

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი