"არ შეუძლიათ რამის გაკეთება" - ლილუაშვილის ბრალდებებს გახელაძის ოჯახი და ადგილობრივები პასუხობენ

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდებებს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვემოჭალაში, ზაზა გახელაძის ოჯახი, ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები პასუხობენ.

მათი თქმით, ხელისუფლება უსუსურია, ქმედით ნაბიჯებს ვერ დგამს და ცდილობს საკუთარი უმოქმედობა სხვებს გადააბრალოს.

ქვემოჭალა სწორედ ის სოფელია, საიდანაც თითქმის 10 თვის წინ ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა დაჭრეს და გაიტაცეს.

"ჩვენებმა მაინც გვითხრან, რომ საზღვარია აქ და ამის იქით და ვინმე თუ გადავა ზაზასნაირი, ნუღარ გასცემენ პასუხს, ნუღარ ეტყვიან იმათ ოჯახს, რომ ჩვენ ვიმუშავებთ და გავაკეთებთ რამეს. პრეზიდენტისგანაც იგივე პასუხი მივიღეთ, რაც ამ 9 თვის განმავლობაში - არ შეუძლიათ რაიმეს გაკეთება და პრეზიდენტი პირდაპირ ვერ მოსთხოვს დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ დაელაპარაკოს თუნდაც ზაზაზე. ჩვენ ვაპირებთ გარეთ გასვლას და აქციებს", - თქვა ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა. 

მისივე თქმით, კონსულტაციას ოპოზიციასთანაც გაივლიან.

ადგილობრივები ამბობენ, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში პატრული მუდმივად უნდა მორიგეობდეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა კი ამბობს, რომ ლილუაშვილის ანგარიშის დროს გენადი ბესტაევის და ლაშა ხეთერელის დასახელება გამორჩა, რომლებიც ასევე, ოკუპანტების ტყვეობაში არიან.

"2020 წელს მოხდა ბორდერიზაციის 60 შემთხვევა, ჩვენ აქტივისტებმა და საზოგადოებამ გავიგეთ მხოლოდ 5 ასეთი შემთხვევის შესახებ, დაუშვათ ის 5 აქტივისტების ბრალი იყო, მაშინ ის 55 ვისი ბრალია?! ხელისუფლება ხედავს, რომ მისი პოლიტიკა არი აბსოლუტურად წამგებიანი", - თქვა დავით ქაცარავამ.

გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს თქვა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევებია ოკუპაცია, კრიტიკული მედია და სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობა. 

როგორც ლილუაშვილი ამბობს, 2020 წელს საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში საქართველოს 64 მოქალაქე დააკავეს, "თუმცა ეს სრულად არ ასახავს იმ ციფრს, რაც რეალურად მოხდა".

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი