
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტებთან საუბრის დროს შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა - მმართველი პარტიის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების შესახებ.
როგორც ხაზარაძე ამბობს, აშშ-ს საელჩოს განცხადება მკაფიო შეტყობინებაა, რომ - "ქართული ოცნება" ევროპულ და თავისუფლების გზას არ ადგას.
"ქართულმა ოცნებამ" საერთოდ დაკარგა რეალობის აღქმა. ამ კანონს ჰქვია შიში. მათ ეშინიათ, რომ პროტესტი რამენაირად დასაჯონ. პროტესტი ადმინისტრაციული წესით, ჯარიმებით, არანაირად და ვერანაირად ვერ ჩაიხშობა. ადამიანებს მიენიჭათ იმის უფლება, რომ თავისუფლად გამოთქვან წინააღმდეგობა და პროტესტი კანონის ფარგლებში. იმისათვის, რომ ვინმემ ზედმეტად დაიყვიროს და ამისათვის ფინანსურად დააჯარიმონ ან სხვა სანქცია დაადონ, ეს სიტუაციას ვერ გამოასწორებს. თუ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის აშენება გვინდა, ასეთი კანონები არის წარმოუდგენელი. შესაბამისად, შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება არის ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ ევროპულ გზას და თავისუფლებს გზას "ქართული ოცნება" არ ადგას." - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. აშშ-ს საელჩომ კი განცხადება გუშინვე გაავრცელა და დაწერა, რომ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.