
„ევროპული საქართველო“ რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დასადგენად, ხელისუფლებას მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს საქართველოს მოსახლეობის მასობრივი ტესტირება.
როგორც ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, პანდემიის დაწყებიდან თვეები გავიდა, ქვეყანა გაჩერებულია, რაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ამ ყველაფრის დროულად დასასრულებლად კი მათი აზრით, სწორედ მასობრივი ტესტირებაა საჭირო.
მათივე ინფორმაციით, აშშ-სა და გერმანიაში ჩატარებული ბოლო კვლევების მიხედვით, ახალი კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად ნაკლები აღმოჩნდეს აქამდე ცნობილ მონაცემზე და მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აღნიშნული ინფექცია, შესაძლოა, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ჰქონდეს გადატანილი .
როგორია ანალოგიური მონაცემები საქართველოში - უცნობია. იმის დადგენა, დაახლოებით რამდენმა ადამიანმა გადაიტანა უკვე კორონავირუსი, საშუალებას მოგვცემდა, სწორად დაგვეგეგმა ეპიდემიასთან ბრძოლის სამომავლო სტრატეგია შესაძლო "მეორე ტალღის" განვითარების შემთხვევისთვის, - ნათქვამია "ევროპული საქართველოს" განცხადებაში.
როგორც პარტიაში ამბობენ, ტესტირებისთვის აუცილებელია:
1. სანდო (აშშ-სა და გერმანიაში აპრობირებული) ტესტების შეძენა;
2. ყველა დიდ ქალაქსა და კარანტინის ზონაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება, როგორც ანტისხეულებზე, ისე პისიარით;
3. ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტში ანტისხეულებისა და პისიარ ტესტების გათვალისწინება, რათა კორონავირუსზე საკუთარი თავის გადამოწმება ყველა მოქალაქემ შეძლოს.