ოცნების ხელისუფლებისთვის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მძიმე კითხვები უკვე გადმოგზავნილია. პასუხები რამდენიმე თვეში უნდა გადაიგზავნოს.
ევროსასამართლო მიხეილ სააკაშვილის საჩივრების საფუძველზე პასუხებს ითხოვს - დაირღვა თუ არა მესამე პრეზიდენტის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება და ცდილობდა თუ არა ოცნების ხელისუფლება მთავარი პოლიტიკური ოპონენტის ჩამოშორებას სასამართლოების გამოყენებით.
მესამე პრეზიდენტმა გასულ წელს ევროსასამართლოში 2 საჩივარი წარადგინა: შეწყალებისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებთან დაკავშირებით. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ორივე საქმეზე იმ მუხლებთან მიმართებაში სვამს კითხვებს და ითხოვს პასუხებს "ოცნების" მთავრობისგან, რასაც მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე ასაჩივრებს.
მესამე პრეზიდენტის ორივე საჩივარზე ევროპული სასამართლო კონვენციის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევაზე ალაპარაკდა. მიხეილ სააკაშვილის მიმართ ამ ორივე ხმაურიან საქმეზე ღიად არის მინიშნება, რომ მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა, რასაც ემატება ასევე ორივე საქმეზე, კონვენციის მე-18 მუხლის შესაძლო დარღვევა. ანუ, ევროსასამართლო თავისი კითხვებით არკვევს - ემსახურებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმეები მართლმსაჯულების განხორცილებას, თუ მიზანი სააკაშვილის პოლიტიკური ნეიტრალიზაცია იყო, ანუ პოლიტიკური დევნა მართლმსაჯულების ინსტრუმენტების გამოყენებით.
კიდევ ერთი საკვანძო საკითხი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კითხვებში კონვენციის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევაა, ანუ სისხლის სამართლის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას - არ არსებობს სასჯელი დანაშაულის გარეშე.
ეს შეწყალების საქმეს ეხება, როდესაც მესამე პრეზიდენტმა მისი ექსკლუზიური, აბსოლუტური და შეუზღუდავი კონსტიტუციური - შეწყალების უფლება გამოიყენა და ამის გამო ოცნების ხელისუფლებამ ის პასუხისგებაში მისცა და გამამტყუნებელი განაჩენიც გამოიტანა.
ქართული კანონმდებლობით შეწყალების აქტი, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს ის, დანაშაულს არ წარმოადგენს და შესაბამისად სასჯელსაც ვერ გამოიწვევს.