"ამნისტიის კანონს მივიღებთ, თუ ნიკა მელიას ექნება სურვილი სასამართლო დავის გაგრძელებისა, მას შეუძლია ამის გაკეთება", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს.
მისი თქმით, ნიკა მელია კანონდარღვევით ცდილობდა პოპულარობის და შარავანდედის მოხვეჭას, რეალურად კი ახლა იძულებულია გირაოს დათანხმდეს.
"მისი ყველა განცხადება რომელიც თითქოსდა ემსახურებოდა იმას, რომ გამოჩენილიყო თავისუფლებისთვის და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად. სინამდვილეში ის ტრანსფორმირდა ადამიანად, რომელმაც დაარღვია კანონი და ამ კანონდარღვევით სურდა პოპულარობის და შარავანდედის მოხვეჭა, რეალურად კი აღმოჩნდა საპატიმროში და ახლა იძულებულია დათანხმდეს გირაოს.
ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი იმით, რომ ჯერ წააქეზეს ნიკა მელია, რომ მას კანონი უხეშად დაერღვია, ბევრი წამქეზებელი ჰყავდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ოპოზიციონერი ციხეში დადის, რომ რამენაირად ნიკა მელიას წინაშე თავისი პოზიცია გამოისყიდოს და ნიკა მელია მათზე გაბრაზებული არ იყოს", - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ნიკა მელიას რუსთავის ციხეში ადვოკატები ხვდებიან.
ნიკა მელიას პოზიცია 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით უცვლელია, მისთვისთვის მიუღებელია დანაშაულის ჩამდენი ადამიანების, ბრძანების გამცემი პირებისა და დაზარალებულების ერთ სიბრტყეზე დაყენება.
რაც შეეხება გირაოს საკითხს, ნიკა მელიას თქმით, ის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ შარლ მიშელის დოკუმენტიდან ამნისტიის კანონპროექტის ინიციატივას გაითხოვენ.