
კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის აზრით, დავით გარეჯში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმა "დაგეგმილად შექმნილი" ამბავია. მისივე თქმით, ყოველგვარ ფიზიკურ დაპირისპირებას ემიჯნება, მაგრამ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ყველას აქვს.
მეუფე ნიკოლოზის აზრითვე, სასულიერო პირი არასდროს არ უნდა დათვრეს, მაგრამ დღესასწაულებზე ნასვამი აუცილებად იქნება - "დათრობა ცუდია, დალევა შეიძლება".
"ეს გუშინდელი საქციელი კიდევ ერთი მორიგი საქციელი ახალი ამბის შექმნის. მე ვამბობ, რომ ტელევიზიამ ახალი ამბავი უნდა აღწეროს და ტელევიზიამ არ უნდა შექმნას ამბავი და გუშინდელი ამბავი, ეს არის დაგეგმილად შექმნილი ამბავი, პირდაპირ მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე. არაფერი საკონფლიქტო არ იყო და წინასწარ, სავარაუდოდ აუცილებლად გამოიწვევდა კონფლიქტს ასეთი მოქმედება, რომ მაინც და მაინც მონასტრის დღესასწაულზე, აღდგომის დღეებში, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ჩადიან და აკეთებენ ისეთ სიუჟეტს, რომელიც აუცილებად გამოიწვევს რეაგირებას.
მე არ ვიძახი, რომ ხელით შეხება, გინება, მე არ გამიგია იქ გინება, სიუჟეტში არ ისმის, გინება, ხელით შეხება, ყვირილი, მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის გამოხატვის ფორმები. მითუმეტეს მე როგორც სასულიერო პირი, რა თქმა უნდა, სასულიერო პირებს მეტად მოვთხოვდი ამ ეთიკური ნორმების დაცვას", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
მეუფე ნიკოლოზმა სიძულვილის ენის გამოყენებაში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დაადანაშაულა, თუმცა აღნიშნა, რომ მას პასუხს არ სთხოვს, რადგან ის თავისუფალი ადამიანია.
"ეს არხის ხელმძღვანელი აკეთებს შეფასებებს ყოველგვარი გამოძიების გარეშე ამ სასულიერო პირებს საშინლად ლანძღავს, ამბობს, რომ ესენია რიან ხულიგნები, გადაცმულები, კიდევ ადანაშაულებენ მათ სიმთვრალეში", - თქვა მან.
გუშინ, 4 მაისს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს ჯერ ნასვამი სასულიერო პირები, შემდეგ კი მოქალაქეები დაესხნენ. გამოძიება მხოლოდ 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.
ამავე თემაზე:
იხილეთ ვრცლად - მეუფე ნიკოლოზის ვიდეო.